კერძო სახლის გადახურვა

კერძო სახლის გადახურვა – რომელი სახურავია უკეთესი

სახლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია სახურავი, რომელიც შენობა-ნაგებობას იცავს გარემოს ზემოქმედებისაგან. სწორედ, სახურავის ტექნიკურ მახასიათებლებსა და ხარისხიანობაზეა დამოკიდებული, როგორ შენარჩუნდება შენობაში ტემპერატურა, იქნება თუ არა სიმყუდროვე, იხმაურებს თუ არა წვიმის და ქარის დროს, ხშირად გახდება თუ არა საჭირო სახურავის შეკეთება და ა.შ.

შენობის დაგეგმვის დროს დგება კითხვა: როგორი ტიპის სახურავი შევარჩიოთ ან რომელი სახურავია უკეთესი – იაფი თუ ძვირად ღირებული, რთული ფორმის თუ კლასიკური ორქანობიანი, ან იქნებ – ოთხქანობიანი, თანამედროვე დიზაინის?

სახურავის სიმყარე და ესთეტიკურობა საკმარისი არ არის. მას უნდა ჰქონდეს რიგი მნიშვნელოვანი მახასიათებლები: უნდა უზრუნველყოს შენობის საიმედო დაცვა წვიმისა და თოვლისგან, სიცხისა და ყინვისგან, უნდა იყოს ხანძარუსაფრთხო.

მოდით, განვიხილოთ გადახურვის ტიპები, რომლებსაც სახურავებს იყენებენ საქართველოში კერძო სახლებზე, რადგან შემდეგ უკვე დიდწილად სწორედ სახურავის ფორმაზეა დამოკიდებული სახურავის მასალის შერჩევა – იქნება ეს მეტალოკრამიტი, შინგლი, პროფნასტილი, კრამიტის სახურავი და ა.შ.;

სახლის სახურავის ტიპები

სახურავი შეიძლება იყოს ქანობიანი ან ბრტყელი (3 % ან ნაკლები ქანობით);

მართალია, ბოლო წლებში საქართველოში, ასევე, სულ უფრო პოპულარული ხდება „მწვანე გადახურვა“, რომელიც ესთეტიკურია და ადამიანების განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, თუმცა მწვანე სახურავის მოწყობა ჯერ მაინც უფრო კომერციულ ობიექტებსა თუ საზოგადოებრივ შენობებზე გვხვდება, რადგან მას, ტრადიციულ გადახურვასთან შედერებით, გაცილებით მეტი ფინანსური ხარჯი აქვს. მისი მოწყობისას გასათვალისწინებელია: დრენაჟი, ფილტრაცია, მცენარეების მოვლა-პატრონობა და ა.შ.

სახლის ბრტყელი გადახურვა

ბრტყელი სახურავი

ბრტყელი სახურავი – ეს არის უმნიშვნელო დახრილობის, ფაქტობრივად, ჰორიზონტალური სახურავი. ადრე სახურავის ასეთი ტიპი, ძირითადად, გამოიყნებოდა დამხმარე შენობებისთვის, როგორიც არის – მანქანის დასაყენებელი ადგილი, სარდაფი, ბოსტნეულის ან სხვა პროდუქტის სათავსი და ა.შ.; თუმცა ბოლო წლებში, მას შემდეგ რაც ბაზარზე სანდო ჰიდროსაიზოლაციო მასალები გამოჩნდა, კერძო სახლების ბრტყელი გადახურვა სულ უფრო პოპულარული გახდა.

მრავალსართულიან კორპუსებს აქამდეც ყოველთვის ბრტყელი გადახურვა ჰქონდა და  ეს უსაფრთხოების მიზნით იყო განპირობებული – რაც უფრო მაღალია შენობა, მით მეტია ქარის დაწოლის სიძლიერე, ეს კი ზრდის რისკს, რომ ქარმა შეიძლება, სახურავი ან სხვადასხვა ელემენტი მოგლიჯოს. ასეთ საფრთხეს კი ბრტყელი გადახურვის მოწყობა მინიმუმამდე ამცირებს.

თუკი კერძო სახლს ექნება ბრტყელი ტიპის სახურავი, სახურავუს თბოიზოლაცია მექანიკურად რომ არ დაზიანდეს, სასურველია, გაკეთდეს დამცავი ფენა, დაიგოს ფილები, მოპირკეთდეს სხვადასხვა სახის მასალით. მოპირკეთებულ ბრტყელ სახურავზე შესაძლებელია მოეწყოს ტერასა, გაზაფხულსა ან ზაფხულში მოსასვენებლად და გასართობად. ტერასაზე თავისუფლად შეიძლება დაიდგას ეზოს ავეჯი, მოეწყოს მარკიზი ან საჩრდილობელი,  განთავსდეს საცურაო აუზი და სხვ.

ქანობიანი სახურავი

ქანობიანი სახურავი

ეს არის სახურავი, რომელსაც აქვს დახრა.

ასეთი სახურავის რამდენიმე კლასიფიკაცია არსებობს. ის შეიძლება იყოს ერთქანობიანი, ორქანობიანი, სამქანობიანი და მრავალქანობიანი.

  • ერთქანობიანი სახურავი – მისი ზედაპირი წარმოადგენს ფერდობს, რომელიც ეყრდნობა სახლის მოპირდაპირე კედლებს, ანუ ჰორიზონტთან კუთხით მდებარეობს;
  • ორქანობიანი სახურავი – ეს ყველაზე გავრცელებული და პრაქტიკული სახურავია. ის შედგება ჰორიზონტთან კუთხით მდებარე ორი ფერდობისგან, რომლებიც ეყრდნობიან სახლის მოპირდაპირე კედლებს ერთნაირ სიმაღლეზე; მას, დანარჩენებთან შედარებით, მასალაც მინიმალური რაოდენობის სჭირდება, მარტივი კონსტრუქცია აქვს და მისი მონტაჟიც იოლია; ორქანობიანი სახურავები შეიძლება იყოს: მცირექანობიანი, მკვეთრქანობიანი, ასიმეტრიული, „ჩატეხილი“;
  • ვალმური სახურავები – ეს არის სახურავის ტიპი, რომელსაც აქვს ოთხქანობიანი კონსტრუქცია; აქედან ორი ფერდობი არის გრძელი, ტრაპეციის ფორმის და ორი – მოკლე, სამკუთხედის ფორმის. არსებობს ასევე, ნახევრად ვალმური და „ჩატეხილი“ ვალმური სახურავები;
  • კარვის სტილის სახურავები – ესეც ოთხქანობიანი კონსტრუქციაა, თუმცა ოთხივე ფერდობი სამკუთხედის ფორმისაა და ერთმანეთის ტოლია.

კერძო სახლის გადახურვა მეტალოკრამიტი

როგორი ტიპის სახურავით ჯობია კერძო სახლის გადახურვა?

რამოდენიმე პრაქტიკული რჩევა:

  • სახლის გადახურვის შერჩევა: საჭიროა, გაითვალისწინოთ არა მხოლოდ მისი საექსპლუატაციო თვისებები, არამედ, ასევე, სახლის სახურავის დიზაინი და დეკორატიული მახასიათებლები. დაბალსართულიანი სახლის სახურავს შედარებით დიდი ფართობი უჭირავს და, შესაბამისად, მისი გარეგნული მხარე დიდწილად ახდენს გავლენას შენობის არქიტექტურულ გადაწყვეტაზე;
  • კერძო სახლებისთვის პოპულარულია, ძირითადად, მაღალი კონსტრუქციის მქონე სახურავები ანუ 33% ან 33%-ზე მეტქანობიანი სახურავები; ეს საშუალებას იძლევა, მოეწყოს მანსარდა – სათავსი შენობის სხვენში. გარდა იმისა, რომ მანსარდა იძლევა დამატებით სასარგებლო ფართობს, სახლიც, მთლიანობაში, უფრო მეტად პრეზენტაბელურ იერს იღებს. ასევე, მაღალი კონსტრუქციის ანუ მკვეთრქანობიან სახურავზე თოვლი და წვიმის წყალი დიდხანს ვერ ჩერდება;
  • ისეთ რაიონებში, სადაც ხშირად ქრის ძლიერი ქარი, უპირატესობას ანიჭებენ დაბალ სახურავებს – 21%-დან 33%-მდე ქანობის მქონე სახურავებს, რომელთა კარკასულ სისტემას დამატებით ამყარებენ;
  • თბილისში გადახურვა უმჯობესია იყოს ქანობიანი, რათა პასუხობდეს ქალაქის ტრადიციას;
  • ასევე, გასათვალისწინებელია, თუ რა ჯდება სახლის გადახურვა ანუ როგორი გადახურვა იქნება ფინანსურად შესაფერისი. თავისთავად ცხადია, რომ რაც უფრო მარტივია სახლის სახურავის დიზაინი, მით უფრო იაფია სახურავის ფასი. ყველაზე ეკონომიური ვარიანტებია ბრტყელი გადახურვა და ერთქანობიანი სახურავი. სხვათა შორის, ერთქანობიანი სახურავის დამატებითი უპირატესობაა ისიც, რომ საშუალებას იძლევა, გაიზარდოს შენობის შიდა ფართობი, ხოლო დამხმარე შენობებში ჭერის ფუნქციაც შეასრულოს;
  • თუკი გსურთ, სხვენის (შენობის ჭერსა და სახურავს შორის დარჩენილი ადგილი) ფართობი გამოიყენოთ, მაშინ უმჯობესია, ორქანობიან სახურავზე შეაჩეროთ არჩევანი;
  • იმ მხარეში, სადაც ხშირად იცის ძლიერი ქარი, უკეთესი არჩევანი იქნება ვალმური სახურავი, თუმცა მისი მშენებლობა იაფი არ დაგიჯდებათ. გარდა ამისა, ვალმური სახურვის მოწყობა მოითხოვს პროფესიონალიზმს და ეს სამუშაო მხოლოდ გამოცდილ ხელოსნებს უნდა ანდოთ.